საქართველოს პროკურატურამ სასხლის სამართლის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები მოამზადა. პროექტი მთავრობას მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 2009 წლის დეკემბერში წარუდგინა, დღეს კი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. პროკურატურის მიერ მომზადებული კანონპროექტებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შედის ძირეული ცვლილება, რომელიც ეხება არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხს.
კანონის მოქმედი რედაქციით დადგენილია პროკურორის ვალდებულება სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე არასრულწოვნის მიმართ განსახორციელებელ სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ცვლილების შედეგად კი არასრულწოვნის მიმართ დევნის განხორცილების ვალდებულება იცვლება დისკრეციით და პროკურორი უფლებამოსილი იქნება არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს დევნა არასრულწლოვნის მიმართ. Dდისკრეციული უფლებამოსილება ვრცელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ არასრულწოვანზე, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისა.
აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე მოიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარის 12 წლიდან 14 წლამდე აწევას.
კანონში ცვლილებების განხორციელების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდა ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა მიმდინარე 2009წელსაც. რაც გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგია, ანუ სტატისტიკამ აჩვენა, რომ ადრე გატარებული პოლიტიკა იყო სწორი.
პროკურატურამ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოამზადა, რომელიც სასჯელის შეკრებას ეხება.
კანონის მოქმედი რედაქციით დადგენილია, რომ თუ პირს ჩადენილი აქვს რამდენიმე დანაშაული, მოსამართლე ვალდებულია თითოეული დანაშაულისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დადგენის შემდეგ, მოახდინოს მათი შეკრება სრული ოდენობით, და საბოლოოდ, მოსახდელად დაუნიშნოს მათი ჯამი. წარმოდგენილი ცვლილებით კი მოსამართლეს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება სასჯელის შეკრებისას. კერძოდ, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება ყველაზე მძიმე ერთი სასჯელის გარდა, დანარჩენი სასჯელები შეკრიბოს არა სრული მოცულობით, არამედ სასჯელის ნახევრიდან სრულ ოდენობამდე.
აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია სასჯელის შეკრების პრინციპის დახვეწა, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა.
მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული კანონპროექტები დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში მოისმინეს.