"ქრისტიან-დემოკრატები" ოპოზიციას საარჩევნო სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით კონსოლიდირებულ მუშაობას სთავაზობს. როგორც თარგამაძის გუნდის წევრები აცხადებენ, ამისათვის უნდა შეიქმნას ფონდი, სადაც სიების მონიტორინგისთვის გამოყოფილი თანხების აკუმულირება მოხდება.
შესაბამისი განცხადება "ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც იგი აღნიშნავს, თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის ცალ-ცალკე გამოყოფილი თანხა სიების გადამოწმებისათვის საკმარისი არ არის, თუმცა თუკი იმ პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია მოხდება, რომლებმაც სიების მონიტორინგზე თანხმობა განაცხადეს, მისი სურლყოფილად გადამოწმება შესაძლებელი გახდება.
"ამისთვის მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება პარტიებისათვის სიების გადამოწმებისათვის გამოყოფილი თანხა. ამ შემთხვევაში, ფონდში მილიონ 200 ათასი ლარის აკუმულირება მოხდება. ეს თანხა კი, სიების სრულყოფილად გადამოწმების საშუალებას შესაძლებელს გახდის", - განაცხადა ვეფხვაძემ.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატი თანხების განკარგვისთვის პარტიებს სამეურვეო საბჭოს შექმნასაც სთავაზობს.
"ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა პარიტეტის პრინციპზე შექმნან სამეურვეო საბჭო. კონკურსის წესით შეირჩეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფონდის მართვას განახორციელებს და ამასთან შეიმუშავებს გადამოწმების მეთოდოლოგიას. გადამოწმებისათვის აუცილებელ საველე სამუშაოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები "კარდაკარის" პრინციპით განახორციელებენ, ხოლო გადასამოწმებელი უბნები პარტიებს შორის წილისყრით გადანაწილდება," - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.
"ქრისტიან დემოკრატები" იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას ოპოზიციური ძალების მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვება და სიების გადასამოწმებლად ისინი კონსოლიდირებულ მუშაობაზე თანხმობას განაცხადებენ.