დღეს, 5 თებერვალს, 15:00 საათზე, "ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელისა" (UGPN) და "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" (სპმთპ) ორგანიზებით, სასტუმრო "ვერე-პალასში" გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის იმ პრობლემების უკეთ გაცნობას, რამაც მასწავლებელთა სერთიფიცირების პრაქტიკის შემოღების მიმდინარე პროცესში იჩინა თავი.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები: კოტე გაბაშვილი, თამაზ კვაჭანტირაძე, ხათუნა ოჩიაური, გიორგი თარგამაძე, გია თორთლაძე, განათლების ეროვნული ცენტრის, შეფასების ცენრტისა და სამოქალაქო სექტორისა წარმომადგენლები.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, 2009 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა დებულება მასწავლებელთა სერტიფიცირების შესახებ, რომელიც მასწავლებლებს 2013 წლამდე სასერთიფიკატო გამოცდების ჩაბარაბას ავალდებულებს. მასწავლებელთა პირველი სასერთიფიკატო გამოცდა 2010 წლის ივნისში უნდა ჩატარდეს. გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პედაგოგებს სწავლების უფლება ჩამოერთმევათ. "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" განცხადებით, ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს მასწავლებლების უფლებებს.
სკოლებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სკოლის მასწავლებლების სერტიფიცირება აუცილებელია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ განათლების დონეს საქართველოში, სერთიფიცირების გამოცდისათვის წამოყენებულ მაღალ მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების შესრულებისათვის არასაკმარის რესურსს, დიდია იმის ალბათობა, რომ 2010 წლის ივნისში მასწავლებელთა უმრავლესობა ვერ ჩააბარებს გამოცდას.
UGPN - ი ხელს უწყობს რა სახელმწიფო რეფორმების დაგეგმვისა და მართვის პროცესების გამჭვირვალობის ზრდას, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის დამკვიდრებით, ზემოთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აწყობს სადისკუსიო შეხვედრას. მოხდება პრობლემის გადაჭრის ალტერნატივების ჩამოყალიბება, მისი მოგვარების პროცესში ადექვატური საშუალებებისა გამოვლენა.
შეხვედრა UGPN-ის მიერ შემუშავებული სადისკუსიო მექანიზმის "პლატფორმა დებატებისათვის" - P4D (Platform for Debate)ფარგლებში, არაფორმალურ გარემოში, ღიაობისა და კონსტრუქტიულობისა პრინციპების დაცვით გაიმართება.