დღეს, 5 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლში" საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრი "აბრეშუმის გზა" ჩინელი ფილოსოფოსის სუენ-ზის წიგნის, "სამხედრო ხელოვნების შესახებ", პრეზენტაციას გამართავს.
წიგნი "სუენ ძი - სამხედრო ხელოვნების შესახებ" გამოიცა საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრ "აბრეშუმის გზისა" და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო და ეკონომიკური განყოფილების თანამშრომლობით. წიგნის ჩინურიდან ქართულ ენაზე მთარგმნელია ზურაბ მამნიაშვილი, ინგლისურ ენაზე კი - იუან შიპინი.
ზურაბ მამნიაშვილი დაიბადა 1962 წელს თბილისში. 1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1989 წლიდან დაიწყო ჩინური ენის შესწავლა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ლიუ ყანდარელ ლუანგვენის ჯგუფში. 1991-1992 წწ. პეკინში გაიარა ენის სწავლების კურსები. იგი რამდენიმე სტატიის ავტორია, თარგმნის ჩინური ენიდან ქართულად. ამჟამად ცხოვრობს პეკინში.
წიგნის პრეზენტაციაზე გაიმართება კონცერტი, იქნება ნაჩვენები რამდენიმე ჩინური ცეკვა, ევროპულ და ქართულ მუსიკას დაუკრავენ ახალგაზრდა მუსიკოსები და თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის ფაკულტეტის სტუდენტები.