ოლიმპიური სოფლის მშენებლობაში ჩართულ ინვესტორებს შესაძლებლობა ეძლევათ დღგ-გან გათავისუფლდნენ. როგორც ცნობილია, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 2015 წელს გაიმართება. თუმცა მანამდე, როგორც ფინანსთა მინისტრის №427 ბრძანებულებაში აღნიშნული, "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნით, ინვესტორის მიერ, შემოსავლების სამსახურს წარედგინება განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის გადახდას. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დღგ-ის თანხის დაბრუნების განმეორებით მოთხოვნისას შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულების წარდგენა სავალდებულო არ არის.
ალექსანდრე ხეთაგურის ბრძანებულებაში აღნიშნულია ასევე, რომ საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნებას;
ასევე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
შეგახსენებთ, "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ" კანონი არეგულირებს საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მათი დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია ოლიმპიური მოძრაობისათვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწობის მიზნით, ინვესტორის და ინვესტორის კონტრაქტორისათვის კანონპროექტით გათვალისწინებული გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათების დაწესება ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში.