გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა, რუსეთთან შესაძლო ზავის შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მონიტორინგის მიზნით უკრაინაში გაეროს სამშვიდობო ძალების განლაგება არ გამორიცხა.
ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბერბოკის თქმით, უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უცხოური კონტინგენტი აუცილებელია.
„თუ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება, ის მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
და თუ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამისათვის საჭიროა ცისფერი ჩაფხუტები (გაერო-ს სამშვიდობო ძალები), მაშინ, იმედია, ეს ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას. პირველ რიგში, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება“, - თქვა ბერბოკმა.
მისი თქმით, ასეთი სამშვიდობო მისიები ახლა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე და არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე.