დავით სონღულაშვილი არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო. არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯისა და ჰერეთის დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ აკურთხა. ტაძარი 2002-2022 წლებში ნიკოლოზ ბენიაიძის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით აშენდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, არხილოსკალო ერთ-ერთი ისტორიული სოფელია და აქედან კარგად ჩანს ალაზნის მარცხენა სანაპიროზე აზერბაიჯანის ტერიტორია, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე – საქართველო.
„მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია, როგორც საზღვრისპირა მდებარეობიდან, ასევე ისტორიული წარსულიდან გამომდინარე. ამ ადგილას ტაძრის აშენება არის სიმბოლური და ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა, გულითადად მივულოცო არხილოსკალოს, მთლიანად მუნიციპალიტეტს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი დღე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილთან ერთად, ტაძრის კურთხევას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში გია ბენაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დაესწრნენ.