ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ყოფილი მოადგილე, კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი გაემგზავრნენ.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მათი ვიზიტი ჟენევაში გაცნობითი ხასიათის იქნება.
"ზოგადი წარმოდგენის მიუხედავად, უფრო დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. კარგი იქნება, იქამდე გავეცნოთ პროცესს, ვიდრე მასში ჩავერთვებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რადგან კარგად ჩანს მხარეების პოზიციები - სადამდეა მისული კონფლიქტის მოგვარების პროცესი", - აცხადებს ზაქარეიშვილი.
შვეიცარიაში უკვე იმყოფებიან ქართული, რუსული, ე.წ. სამხრეთ ოსური და აფხაზური დელეგაციებიც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობის საკითხი იქნება. თუმცა, საქართველოს დელეგაციის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმების შესახებ რუსულმა მხარემ უნდა აიღოს, მაშინ როდესაც საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები ამ ვალდებულების აღებას საქართველოსგან მოითხოვენ. მათ პოზიციას იზიარებს რუსეთის ფედერაცია.
"აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა ძალის არგამოყენების დოკუმენტზე, რომელმაც რუსეთს ეს ვალდებულება უნდა ააღებინოს. სხვა მონაწილეებს ეს ვალდებულება აღებული აქვთ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ჟენევაში რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობს. აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, ხოლო ოს სეპარატისტთა დელეგაციას ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებული კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი.
როგორც ცნობილია, სეპარატისტები მოლაპარაკებების ამ რაუნდზედაც აპირებენ, დააყენონ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. ისინი რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ პროექტს უჭერენ მხარს, რომელშიც საქართველოს რეგიონები ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტებადაა წარმოდგენილნი.
ჟენევის მოლაპარაკებათა პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმებასთან ერთად, ოსი სეპარატისტები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხსაც დააყენებენ.
მეორე სამუშაო ჯგუფში კი დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხის განხილვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა წინა, მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართა.