საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის სახიფათო ქმედებათა ჯაჭვმა ადამიანზე ნადირობის ფორმა მიიღო.
ასე ეხმაურება საგარეო უწყება 31 იანვარს, სოფელ ნიქოზთან ცხინავლის მარიონეტული რეჟიმის მიერ ჭიათურის მცხოვრებ მალხაზ ახვლედიანის გატაცებას.
"მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ახვლედიანი დღემდე არ გაუთავისუფლებიათ, რაც წარმოადგენს აქამდე მიღწეული შეთანხმებების დარღვევას. ეს ნიშნავს, რომ გრძელდება რუსეთის მიერ პროვოცირებული უკიდურესად სახიფათო ქმედებათა ჯაჭვი, რომლებმაც აშკარად გამოხატული, ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ "ამჯერად კრემლი უკვე თავისი მარიონეტების ხელით ახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმებს, რაც მდგომარეობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის მცდელობაში".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და მათი მარიონეტების ქმედებათა გამო პროტესტს გამოთქვამს და საქართველოს გატაცებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, სოფელ ნიქოზთან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი გაიტაცეს, რომელსაც წაუყენეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება.