აშშ-ს სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ალ-ქაიდა უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში შეეცდება აშშ-ს წინააღმდეგ ახალი ტერორისტული აქტების განხორციელებას. ამის შესახებ ცნობილი გახდა სენატის დაზვერვის კომიტეტში გამართული მოსმენებისას.
აშშ-ს უსაფრთხოების ყოველწლიური მიმოხლივის განხილვაში მონაწილეობდნენ ამერიკის საკვანძო სპეცსამსახურების - ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელები და ასევე ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი დენის ბლერი, რომელიც ამერიკის დაზვერვის 16 სამსახურის საქმიანობას კურირებს.
მოსმენისას სპეცკომიტეტის თავმჯდომარე დაიენ ფაინსტაინი დაინტერესდა რამდენად არსებობს ალ-ქაიდასგან ამერიკის წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა უახლოეს 3-6 თვეში, რაზეც ნაციონალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა დენის ბლერმა განაცხადა, რომ ალ-ქაიდას მხრიდან "შეტევის მცდელობა გარდაუვალია".
ბლერს დაეთანხმნენ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ლეონ პანეტუ და გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფი რობერტ მიულერი.
როგორც ბლერმა აღნიშნა, ამერიკის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ალ-ქაიდა შეეცდება შეტევა მიიტანოს აშშ-ს კონტინენტალურ ნაწილზე მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის განხორციელებით, რომელიც "გამოიწვევს ადამიანთა მასობრივ მსხვერპლს, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ეკონომიკას".
მისივე თქმით, ალ-ქაიდა კვლავ ინარჩუნებს შესაძლებლობას ბოევიკების მომზადებისა და გადაბირებისათვის აშშ-ს წინააღმდეგ შეტევის მისატანად.
"ალ-ქაიდა შეინარჩუნებს თავის განზრახვას მიიტანოს შეტევა აშშ-ზე, ვიდრე არ განადგურდებიან ან არ იქნებიან დაკავებულნი უსამა ბენ ლადენი და აიმან აზ ზავახირი" - განაცხადა დენის ბლერმა.