მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემას სულ რამდენიმე დღეში მოაგვარებს.
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ საპატრულო პოლიციის პენიტენციალურ სისტემაში შესვლის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"საპატრულო პოლიცია უბრალოდ ასრულებს ბრძანებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ჩვენზე. მე ვსაუბრობ საპატრულო პოლიციაზე, როგორც დისციპლინირებულ და ადამიანის უფლებათა დამცველ სტრუქტურაზე, რომელიც ასრულებს ბრძანებას და ამ შემთხვევაში ბრძანება არის ძალიან მკაფიო: უნდა დავიცვათ ციხის უსაფრთხოება და უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან მალე, უახლოეს დღეებში ჩვენი საზოგადოება ნახავს შედეგებს იმ ძალისხმევისა, რომელსაც უკვე ახორციელებს ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელბით ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია ამ პრობლემის მოგვარების საქმეში"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ, აჭარის ტელევიზიით ფაქტის შეფასებისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პენიტენციალურ სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრს სასჯელაღსრულების სისტემაში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა. მიხეილ სააკაშვილმა სიტუაციის მართვა და პრობლემის მოგვარება პირადად ვანო მერაბიშვილის პირად პასუხისმგებლობად სცნო.