„შეიძლება ითქვას, მდგომარეობა ტრაგიკულია. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მხოლოდ ერთ ან ორ მინისტრს, პასუხისმგებელია მთავრობა და პირადად პრეზიდენტი. ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამის შემდეგ მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს", - წერს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია „ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ტრაგიკული ელემენტი ისაა, რომ ალტერნატივად „ბიძინა" და „ოცნება" გყავს".
ტელეკომპანიებმა „მაესტრომ" და „მეცხრე არხმა" მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა 18 სექტემბერს, საღამოს გაავრცელეს. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრებს ცემენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ცოცხით აუპატიურებენ.
19 სექტემბერს, დილით, ტელეკომპანია „მეცხრე არხმა" არასწრულწლოვანი პატიმრის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ამსახველი ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია როგორ ეკითხებიან არასრულწლოვან პატიმარს, სცემს თუ არა ქურდებს პატივს, რის შემდეგაც მას სასტიკად აწამებენ და აუპატიურებენ.
ვიდეომასალების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. საზოგადოება შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების 10 თანამშრომელი, თანამდებობიდან გადადგა სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. პრეზიდენტის ბრძანებით, ციხეებში სიტუაციის კონტროლის მიზეზით, საპატრულო პოლიცია შევიდა.