სახალხო დამცველმა პატიმართა წამებაში მონაწილეთა ვინაობა გამოაქვეყნა.
"მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მათ შორის, ის საქმეები, რომლებიც ფიგურირებს სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში და ის ფაქტები, რომელთა ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებამ გუშინ იხილა.