პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, - განაცახდა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.
"ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმხორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.
პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირებს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის", - აცხადებს პრეზიდენტი.
და აღნიშნავს, რომ მან დაავალა შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ და პასუხისგებაში მისცენ, უკლებლივ ყველა გამოიყვანოს სააშკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ საზოგადოებას, რომელიც ყოველიმე ამის ნახვის შემდეგ, სამართლიანად ითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხს.
" პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კრიმინალებისგან, ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც თავად მოქმედებენ ისე, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები.
მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი, ღირსეული მოპყრობისა და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის უფლება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების უფლება.
ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას!", - აცხადებს პრეზიდენტი.