სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა , - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული.
კალმახელიძის განცხადებით, კადრები, რომლებიც იხილა, მისთვის შემზარავია.
"რამდენიმე კვირაა, რაც შსს-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის შესახებ და გამოძიებამ საკმაოდ შემზარავი სურათი გვაჩვენა. ეს შემაშფოთებელია. შემზარავია ისიც, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების შეკვეთა და მისი დაფიქსირება ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. არავითარ შემთხვევში არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას, კადრები, რომელიც ვიხილეთ არის ერთიანი საქმის ნაწილი და ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ის, რომ ყველა პირი, რომელმაც მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა მოახდინა, იყოს დასჯილი", - განაცხადა კალმახელიძემ.