სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გლდანის #8 დაწესებულებაში გამოვლენილი დანაშაულებრივი სქემის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, კანონის ფარგლებში საკადრისი პასუხი გაეცემა. მისი თქმით, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, პატიმართა უფლებების რღვევის ფაქტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საერთაშორისო სტანდარტებამდე სისტემაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
"ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომლებიც მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე სისტემის დისკრედიტაციას ახდენდნენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს სისტემაში დღემდე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციაში მონაწილეობით ხელყოფდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს. შეურიგებლები ვიქნებით ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების მიმართ. პატიმართა უფლებების განუხრელი დაცვა არის და იქნება სამინისტროს პრიორიტეტი. ყველას, ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, საკადრისი პასუხი გაეცემა, კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალმახელიძემ.
შეგახსენებთ: შსს-ის განცხადებით, პატიმართა არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.
მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან.
ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.
ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.
გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება, _ ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.