10-11 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზედაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ. კერძოდ, 2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა როტაციის ან გეოგრაფიული, ან სხვა კრიტერიუმების, არამედ ყველა მონაწილე სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოების კენჭისყრის საფუძველზე, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო არენაზე დამკვიდრდა როგორც მაღალი ავტორიტეტის მქონე კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანო; რომ ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები პოზიტიურად ფასდება ევროპული სასამართლოების მხრიდან. ნიშანდობლივია, რომ კონგრესის მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველო ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.