კოალიცია "ქართული ოცნების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა "თბილისი მერიოტში" გამართულ ქართული ოცნების სოციალურ-ეკონომიკური საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე კოალიციის ძირითად პრიორიტებებზე ისაუბრა.
ხადურის თქმით, "ქართული ოცნების" ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, სახელმწიფომ ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველოს ეკონომიკა გახდეს კონკურენტუნარიანი, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბაზარი განთავისუფლდება ხელოვნური მონოპოლიებისგან და მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადი გამჭვირვალედ დაიხარჯება.
ხადურმა აღნიშნა, რომ მათი ეკონომიკური პროგრამა მდგრადი განვითარების მოდელს ემყარება. მთავარი არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდაა, არამედ მისი სტრუქტრული ცვლილებაა.
მისი თქმით, პენსია საარსებო მინიმუმის ოდენობის გახდება, დაწესდება სამართლიანი ტარიფები და უმუშევრობა შემცირდება. ხადურის განცხადებით, განათლება ეს ის სისტემაა, რომლის მოწესრიგებას ორ წელზე მეტი სჭირდება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, კოალიციის პრიორიტეტი ამ სფეროს განვითარებაც იქნება და კერძოდ, ამ სექტორში დაგეგმილია ერთ მილიარდ დოლარიანი ფონდის ამოქმედება.
"დღეს ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პროგრამის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაცია. თავისთავად ცხადია, უცხოელებსაც და ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს ის ხედვა, რომელიც აქვს კოალიციას - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა, დავძლიოთ ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც ქვეყანაშია, უმეშევრობის ძალიან მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს. ამ მიმართულებით გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ეს იქნება ბიზნესის დეპოლიზიტაცია, ეს იქნება სამართლიანი სასამართლო, ეს იქნება სოფლის მეურნეობაში მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ა.შ., ის საკითხები, რომლებიც უკვე ცნობილია ჩვენი ამომრჩევლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოელებმაც გამოთქვეს ინტერესი", - განცხადა ხადურმა.