რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ეთნიკურად ქართველი სკოლის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების, წყოუშისა და ფახულანის სკოლების პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. მათ განუცხადეს, რომ სწავლის გასაგრძელებლად მიაკითხონ საბერიოს სკოლას, სადაც სწავლების პროცესი მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს.
ეს არ არის ეთნიკურად ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება განახორციელონ მსგავს ფაქტებზე.