ხვალ, 15 სექტემბერს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში დავიდ მარკიშთან გაიმართება შეხვედრა.
ისრაელელი მწერალი (პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი) დავიდ მარკიში ისაუბრებს თემაზე "ქართული კულტურის გავლენა რუსულ კულტურაზე".
დავიდ მარკიში დაიბადა 1938 წელს. მისი პირველი ორი წიგნი (მარიჯანისა და ალექსანდრე საჯაიას ლექსების თარგმანები) თბილისში დაბეჭდა გამომცემლობა "ზარია ვოსტოკამ". 7-8 წლის განმავლობაში თარგმნა ბევრი ქართველი პოეტი: ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ქვლივიძე, გიორგი ლეონიძე და სხვები.
დავიდ მარკიში ამჟამად ცხოვრობს ისრაელში, წერს რუსულ ენაზე. არის შვიდი ებრაული ლიტერატურული პრემიის, ბრიტანეთის წიგნის ლიგისა და უკრაინული სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ქართველი პოეტების ნაწარმოებების რუსულ ენაზე თარგმნისთვის მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია.