უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს უკრაინაში არსებულ ამერიკულ საწარმოებს, მათ შორის კიევში მდებარე Boeing-ის ოფისს, მუკაჩევოში მდებარე Flex-ის ქარხანას და დნოპროს Bunge-ს საწარმოო ობიექტს.
„რუსები თავს ესხმიან არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსაც. ყველა ეს თავდასხმა იყო თავდასხმა ამერიკულ ეკონომიკაზე. ამერიკის სავაჭრო პალატა იუწყება, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს, უკრაინაში ამერიკული კომპანიების 47% რუსული დარტყმების შედეგად დაზარალდა, თანამშრომლების 57% დაშავდა, ხოლო 38%- დაიღუპა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც კრემლი 2025 წელს და 2026 წლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობების „გადატვირთვას“ სთავაზობდა, რუსეთი ერთდროულად თავს ესხმოდა Flex Electronics-ს, Boeing-ს და სხვა კომპანიებს.
„მოსკოვი აცხადებს, რომ აშშ-სთან ისეთ ურთიერთობას ცდილობს, სადაც „ბიზნესი პირველ ადგილზეა“. თუმცა, თქვენი „პარტნიორის“ კამპანიებზე თავდასხმები ძნელად თუ ჩაითვლება „პარტნიორობად“. პირიქით, ისინი აჩვენებენ, რომ კრემლის ეკონომიკური თანამშრომლობის, სავარაუდოდ, მომგებიანი წინადადებები სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა „პოტიომკინის სოფელი“, რომლის მიზანია დროის მოგება ევროპაში ამერიკული გავლენის ნულამდე შემცირებით“, - დაწერა სიბიგამ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, ამის ნაცვლად, უკრაინა, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას სთავაზობს სხვადასხვა სფეროში, იშვიათი მინერალებიდან დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, თავდაცვის თანამშრომლობითა და დრონების წარმოებით დამთავრებული.
„ჩვენ უკვე გვაქვს წარმატების ისტორიები და გვსურს მათი გაფართოება, განსაკუთრებით „კეთილდღეობის გეგმის“ მეშვეობით“, - დასძინა მან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სუვერენული და თავისუფალი უკრაინა მზარდი მშპ-ით ასევე იქნებოდა ამერიკული ინტერესების მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება ევროპაში, ამერიკული საქონლისა და მომსახურების უზარმაზარი ბაზარი და მოსკოვის სტრატეგიული მარცხი.
ორშაბათს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის განზრახ ესხმის თავს ამერიკულ კომპანიებსა და ქარხნებს.