თუ თეირანი ბირთვული იარაღის ფლობას შეძლებს, გაჩნდება მრავალი სხვა რეჟიმი, რომლებიც ასევე მოისურვებენ მის ფლობას, რაც ამერიკელებისთვის კატასტროფა იქნება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ირანს წითელი ხაზები დაუწესა, მან არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.
„ჩვენ არ გვინდა ბირთვული იარაღის გავრცელება. თუ ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს, ბევრი სხვა რეჟიმი გაჩნდება. ზოგი მეგობრული, ზოგი არც ისე მეგობრული. მათ შემდეგ ბირთვული იარაღი მოუნდებათ. ეს ამერიკელი ხალხისთვის კატასტროფა იქნებოდა“, - განმარტა ვენსმა.
მისი შეფასებით, გარკვეული თვალსაზრისით, მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.
„ჩვენ ძალიან გვსურს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს საკითხი მოვაგვაროთ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით, თუმცა პრეზიდენტს მაგიდაზე ყველა ვარიანტი აქვს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გარკვეული თვალსაზრისით კარგად წარიმართა. შეთანხმდნენ კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, თუმცა სხვა მხრივ სრულიად ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ“, – განაცხადა ვენსმა
ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
მედიის ცნობით, აშშ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანის მთავრობისგან ელოდება დეტალურ წინადადებას, რათა იმსჯელონ ორი მხარის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე.