"აჰმედ ჩატაევი ლოპოტის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისე-წვევამდელების ჯგუფთან მოლაპარაკებისათვის იყო გამოძახებული და ამ ხეობაში საქართველოს ხელისუფლების თხოვნით იმყოფებოდა", _ ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოკავკასელ მებრძოლებთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური ინტერნეტგვერდი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართულმა მედიამ საქართველოს შს სამინისტროზე დაყრდნობით ჩატაევი "დივერსიული ჯგუფის წევრად" მოიხსენია.
"საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ჩატაევს თხოვნით დახმარებოდა მათ, დაემყარებინა კონტაქტი მოჯაჰედებთან და მათთან მოლაპარაკებებზე შუამავლის როლი ეკისრა. აჰმედ ჩატაევი ამ წინადადებას დასთანხმდა და ლოპოტის ხეობაში ჩავიდა", _ წერს ინტერნეტგვერდი.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა მოლაპარაკებები, რომლებიც ერთ დღეღამეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა უშედეგოდ დასრულდა.
"რაღაც მომენტში კი ცეცხლი გაიხსნა, რომელიც შეტაკებაში გადაიზარდა. ჩატაევი ცეცხლის გახსნიდან მალევე დაიჭრა და მოჯაჰედების პოზიციება შეაფარა თავი", _ წერს ინტერნეტ-გვერდი დახაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია თუ რატომ გაიხსნა ცეცხლი.
მათივე ინფორმაციით, "იმარატ კავკაზის" ხელმძღვანელობა მომხდარის შესახებ საკუთარი გამოძიების ჩატარებას აპირებს. ეს განცხადება "იმარატ კავკაზის" ერთ ერთმა წარმომადგენელმა ჩეჩნურ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ამ დროისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს. კარგად უნდა იქნეს ყოველივე ეს გამოძიებული რათა ცხადი გახდეს, თუ რატომ დასრულდა ყოველივე ეს ამ შედეგით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ოფიციალური განცხადების გაკეთება და შეფასების მიცემა", _ ამბობს "იმარატ კავკაზის" წარმომადგენელი ჩეჩნურ მედიასთან საუბარში.
ჩრდილოკავკასიური ინტერნეტგვერდი ასევე წერს, რომ ხეობაში მომხდარი შეტაკების შემდეგ რამდენიმე დღეში, როდესაც "ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხეობიდან საბრძოლო დანაყოფები გამოიყვანა აჰმედ ჩატაევი ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტთან თავად გამოვიდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქუსლის ამპუტაცია გაუკეთეს".
წყარო ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრული საქმის კურსშია მომხდარში აჰმედ ჩატაევის როლის შესახებ, ვინაიდან "სწორედ მათი თხოვნით იქნა იგი იქ მივლენილი მომლაპარაკებლად".
"რაც შეეხება მოჯაჰედების ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მათ შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. არის ვერსია, რომ დარჩენილები რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და სხვა და სხვა მარშრუტებით გააგძელეს გზა დაღესტნის მიმართულებით. არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ ზოგი მათგანი დანიშნულების ადგილამდე უკვე ჩავიდა, თუმცა ამ ინფორმაციას დამატებითი დადასტურება სჭირდება", _ წერს ინტერნეტ გვერდი.