შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ჩალათაშვილი საგარეჯოში მცხოვრებ პენსიონერებს შეხვდნენ. მინისტრმა და დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ახალი სადაზღვევო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პენსიონერებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და მისი მოხმარების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერებისა და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული სხვა კატეგორიის მოქალაქეების ოჯახებს მკურნალობის ხარჯი ტვირთად აღარ დააწვებათ, რადგან ამ ხარჯებს სახელმწიფო დაზღვევის პოლისი დაფარავს.
"მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დაზღვეულებისთვის გამარტივებული და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება წარმოადგენს,, - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა.
პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები - პენსიონრები, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები, სტუდენტები, 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, დააზღვია. იმ მოქალაქეებმა, ვინც უკვე მიიღო სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ პოლისში მითითებულ სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე და წინასწარ ჩაეწერონ ოჯახის ექიმთან. ოჯახის ექიმი პირველად კონსულტაციას გაუწევს დაზღვეულს, მოახდენს მისი შემდგომი მკურნალობის დაგეგმვას და შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართებას.
ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. შესაბამისად, სექტემბრიდან ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობამ მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწია, რაც თავისთავად ზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.