მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელთა განხორციელებაც რეგიონში უკვე დაიწყო. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხეში ბევრი ტურისტული პროექტის განხორციელებაც დაიწყო, რაც მოსახლეობის შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის მიხეილ სააკაშვილმა ასევე გამოყო ახალი სწრაფი რკინიგზა, რომელიც ხარაგაულს თბილისთან საათსა და ათ წუთში დააკავშირებს; ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო, რომელიც რაიონს უახლოეს მომავალში ექნება; რაიონის სრული გაზიფიცირება, ახალი სპორტული ობიექტები, რეაბილიტირებული გზები, ხიდები და სხვა.
პარტიის ლიდერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა. რომელიც უცნაურად მიიჩნევს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში ქუჩის აქციების გამართვა უშედეგო იქნება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ განცხადებით, რუსეთს საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის იმედი აქვს, თუმცა ამას ვერავინ ეღირსება. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა მათ სამიოდ დღის წინ გასცა პასუხი იმ აქციებით, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები