ხვალ, 11 სექტემბერს, ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდება. კლდიაშვილი 1862 წლის 11 სექტემბერს (ძვ. სტ. 29 აგვისტო) სოფელ ზედა სიმონეთში, იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში (ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი) დაიბადა.
ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფელ ხომულში (ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების განმავლობაში უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; კლდიაშვილი გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.
კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზნაურების" ცხოვრების მწუხრის ასახვაა. ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა. "სოლომან მორბელაძე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება", "ბაკულას ღორები" ის მოთხრობებია, რომელიც კინოსა თუ თეატრის არაერთი რეჟისორის შთაგონების წყარო გახდა და დღესაც იდგმება ქართულ სცენებზე.
კლდიაშვილი 1931 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პნთეონში. სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.