"ჩვენს ყურძენს იტალიაში, ჩილეში, კალიფორნიაში მოყვანილი ყურძნის ხარისხს ვადარებ, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი ღვინოც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ამ ქვეყნებშია, ფულის დახარჯვა მოგვიწევს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, "თბილღვინოს" ქარხანაში განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მალე ვაშინგტონში ქართული ღვინის ბარი გაიხსნება, ხოლო საქართველოში ჩამოსული ყველა ტურისტი საჩუქრად ერთ ბოთლ ღვინოს მიიღებს.
"ამერიკის დედაქალაქში ვაშინგტონში ახლა ვხსნით ქართული ღვინის ბარს, ამასთან, ყველა ჩამოსულ ტურისტს სუვენირის სახით დავურიგებთ ერთ პატარა ბოთლ ქართულ ღვინოს და ყველა გაიგებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად შესაძებელი იქნება ფასების აწევაც.
"მას შემდეგ, რაც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას მოვახერხებთ, ფასებსაც ავწევთ და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება ყურძნის რაოდენობის გაზრდას, ამისათვის ახალი ქარხნების მშენებლობასთან ერთად, ახალი ვენახების გაშენებაცაა საჭირო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გლეხებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ჩვენი ღვინის მაღალი ხარისხი მომდევნო წლებშიც შენარჩუნდეს. მასშტაბური პოპულარიზაცის პირობებში კი, ქართული ღვინო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე.