სლოვენიის ქალაქ ლიტიაში მიმდინარე ფუტსალში უეფას თასის ძირითადი რაუნდის ჯგუფური ტურნირი, თბილისის „იბერია სტარმა" მოგებით დაიწყო. ადგილობრივ „სპორტნა დვორანაში", 7 ბრაზილიური წარმოშობის სპორტსმენით დაკომპლექტებულმა საქართველოს ჩემპიონმა ფრანგული „სპორტინგი" 3:2 დაამარცხა.
ანგარიში პენალტით პარიზელთა რიგებში მოთამაშე 36 წლის ბეტინიომ მე-12 წუთზე გახსნა. მალე (16 წთ), „იბერიელთა" ბრაზილიელმა აუგუსტომ გაათანაბრა, ორიოდე წუთში კი უკვე წინ გაიყვანა მისი გუნდი. მეორე ტაიმში (25 წთ) გოლი ქართველთა ბეტინიომ გაიტანა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის მიზერული შანსები დაუტოვა. ერთადერთი რაც „სპორტინგმა" შეძლო, მატჩის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
„იბერია სტარი" მე-4 ჯგუფის მორიგ მატჩს ხვალ გამართავს. საქართველოს დროით 20:00 საათიდან, სტარტს თბილისელთა და ბერძნული „ათინა-90"-ის დაპირისპირება დაიწყება.