საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი-2013-ზე სათამაშო საგზურის დღესვე განაღდების შანსი ბოსნიასთან საშინაო მატჩში დაკარგა. თბილისის სპორტის სასახლეში, სავსე ტრიბუნების თვალწინ, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა უშუალო კონკურენტთან 103:107 (16:20, 27:20, 31:32, 29:35) წააგეს.
ქართველთაგან საუკეთესო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია გახლდათ, რომლის დღევანდელ მატჩში თამაში, დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა. მან 21 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. მისებრ ორმაგი დუბლი (12 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა ვიქტორ სანიკიძემ. ჩვენებურთა შორის ყველაზე მეტი, 23 ქულა კი, მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზეა.
ბოსნიელებს რაც შეეხებათ, მათ შორის ჩვეულად გაიბრზწყინა მირზა ტელეტოვიჩმა, რომლის ბოლო წამებზე შესრულებულმა ზუსტმა 3-ქულიანმა პრაქტიკულად გადაწყვიტა „დ" ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირების ბედი.