საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობისა და "ჯიბი მედია კორპორეიშენის" ორგანიზებით გამართულ კაზინოს ინვესტორთა პირველ საერთაშორისო კონგრესში. შეხვედრის მიზანია მსოფლიოში კაზინოს მსხვილი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს და კერძოდ, ბათუმის საინვესტიციო პოტენციალით და სათამაშო ბიზნესის განვითარების პერსპექტივით.
ბაინდურაშვილმა კონგრესის მონაწილეებს გააცნო ქვეყნის საინვესტიციო გარემო, კაპიტალის დაბანდებისთვის საინტერესო ტურისტული, ბიზნეს-, ურბანული და სხვა პროექტები, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გატარებული სტრუქტურული და საკანონმდებლო რეფორმები.
საერთაშორისო კონგრესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გახსნა. კონგრესს ესწრება კაზინოს ინვესტორთა ორგანიზაციების წარმომადგენელი 15 ქვეყნიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რეგიონში მოქმედი კაზინოების, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.