საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია მხატვარ ირინა გაბიანის ვიდეოარტი, სახელწოდებით "შეუცნობელი სამყარო".
გამოფენაზე წარმოდგენილია 17 ვიდეონამუშევარი, ასევე ფოტოდოკუმენტაციები. ნამუშევრების მეშვეობით, მხატვარი ცდილობს, სამყარო უჩვეულო რაკურსით დაანახოს საზოგადოებას და ამით ხაზი გაუსვას ნამუშევრების ძირითად კონცეფციას - სამყაროს მრავალფეროვნებას და კომპლექსურობას.
გაბიანი 1998 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. იგი ინტენსიურად მართავს გამოფენებს. მხატვარს იწვევენ მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე, არტფორუმებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ვენეციის 54-ე ბიენალეზე, Arsenale-ს მთავარ საგამოფენო სივრცეში, იტალიის პავილიონში. ასევე 2012 წელს მიწვეული იყო ლუქსემბურგის "Design in the city" ბიენალეზე.
გამოფენა 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.