საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. თავის მხრივ, რიჩარდ ნორლანდმა დაადასტურა აშშ-ს განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.