საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა. ცვლილება კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტს შეეხება.
როგორც უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან სერიოზული ფინანსური დარღვევებია ან მან არ წარადგინა ანგარიში, მაშინ შესაძლებელი ხდება, რომ არჩევნებზე ამ პარტიის ხმები არ იყოს დათვლილი.
"ეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან მის მოხსნას ნიშნავს. პრეზიდენტის ინიციატივით კი, ეს ნორმა კანონიდან ამოდის. პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ სანაცვლოდ ჯარიმა დაწესდეს. შემოთავაზებული ცვლილებით, თუ პარტია ანგარიშს არ წარადგენს, ის 10 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ანგარიშს ხარვეზით წარდაგენს და ამ ხარვეზის მითითების მიუხედავად, მაინც არ გამოასწორებს, მაშინ 3 000 ლარის გადახდა მოუწევს. ესაა პოლიტიკური განაცხადი იმაზე, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დღემდე მოქმედი ნორმა არ იქნება გამოყენებული", - აღნიშნა მინაშვილმა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას სამი მოსმენა და მაღალი კვორუმი სჭირდება. ამ მოწვევის პარლამენტი ამ ცვლილებების მიღებას ვეღარ ასწრებს, რადგან პარლამენტის პლენარული სხდომები აღარ იმართება. პოლიტიკური ნება კი კანონის მისაღებად საკმარისი არ არის.