პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ოთხდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში. პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს ამერიკის სენატსა და კონგრესშიც გამართავს, სადაც ძირითადი განსახილველი თემები საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიზანია დემოკრატიული პარტიის ყრილობაში მონაწილეობის მიღება, რომელზეც ოფიციალურად მოხდება პრეზიდენტ ობამას კიდევ ერთხელ წარდგენა პრეზიდენტობის კანდიდატად. ასევე მიწვეული ვარ ყრილობის ფარგლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივით გამართულ ლიდერთა საერთაშორისო ფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკური წრეები მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.