8 სექტემბერს, სიღნაღში „საზამთროს ფესტივალი» გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიება სიღნაღის ცენტრში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ღონისძიების პროგრამას, მთელი დღის განმავლობაში დააგემოვნონ საზამთრო, საზამთროს ფრეში და მურაბა, ასევე თამაშებში მონაწილეობის მსურველები გაივლიან რეგისტრაციას საინფომაციო დაფასთან და შეარჩევენ თამაშებს რომელშიც სურთ მონაწილეობის მიღება.
წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი ნიმუშები, სეზონური ხილი, ჩურჩხელა. ტერიტორიაზე ივლიან ქართული ზღაპრის გმირები წუნა, წრუწუნა, კომბლე და ბავშვებს შესთავაზებენ სხვადასხვა გასართობს. იქვე დაიდგმევა ბანჯი ტრამპოლინი, სადაც ოთხ ადამიანს ერთდროულად შეუძლია იხტუნაოს. გოგონები მსურველებს სახეს მოუხატავენ. მოსულ სტუმრებს შეეძლებათ თავის გასაყოფ ბანერთან ფოტოების გადაღება. ასევე ტერიტორია გაფორმებული იქნება ქართული დეკორით: ურმით, საწნახელით, კასრებით, მოწნულებითა და თიხის ჭურჭლით.
14:00 საათიდან შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ თამაშებში: სირბილი საზამთროთი, შეჯიბრი ისრის სროლაში, გახვრეტილი საზამთროს ჭამა კოვზით, შეჯიბრი საზამთროს აწევაში, საზამთროს ჭამაში, შეჯიბრი საზამთროს ფრეშის დალევაში და საზამთროს ქერქიდან ფიგურების ამოჭრაში.
პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია „შემოიარე საქართველო" და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ „შემოიარე საქართველოს" ფარგლებში მომზადდა „ზაფხულის ტურისტული კალენდარი", სადაც დატანილია 16 ივნისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები.