აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და სასტუმროები და კაფეები.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15,0 პროცენტი); შაქარი და სხვა ტკბილეული (10,1 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (7,8 პროცენტი); ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (6,7 პროცენტი) და უალკოჰოლო სასმელებზე (3,0 პროცენტი).
სასტუმრო, კაფე და რესტორანი: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა რესტორნებისა და კაფეების ქვეჯგუფზე (8,1 პროცენტი).