დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში „ჯვაროსნები" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი საშინაო მატჩისთვის მოემზადებიან.
შეკრების დაწყებისთანავე, ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი რთული ჯგუფი ჯერ არასდროს გვყოლია, თუმცა, ამ შესარჩევ ციკლში ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. კონკრეტული მიზანი კი, ყველა თამაშში მაქსიმუმის მიღწევაა. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი უპირველესი საფიქრალი 7 სექტემბერს, ბელარუსთან მატჩია. სეზონის კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და 7 სექტემბრის მატჩში ჩვენ სწორედ ამას შევეცდებით. ეს გუნდი ჩვენი უშუალო კონკურენტია. გვინდა, ახალი ციკლი გარკვეული სიახლეებით დავიწყოთ. ამიერიდან, გუნდს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს. ის გამოცდილი ფეხბურთელია, დიდი ხანია ნაკრებში თამაშობს და ეს გადაწყვეტილება ჩვენ გუნდთან ერთად მივიღეთ. აქვე, გეტყვით გუნდის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებაც. ტრამვირებული ნუკრი რევიშვილისა და დავით დევდარიანის ნაცვლად, შეკრებაზე ომარ მიგინეიშვილი და ჯაბა დვალი გამოვიძახეთ. მათე ვაწაძემ კი, დანიურ „ორჰუსთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მინდა, მივულოცო მას ახალ გუნდში გადასვლა და წარმატებები ვუსურვო. მის ნაცვლად, „ზესტაფონიდან" თორნიკე გორგიაშვილს ვუხმეთ. რაც შეეხება დევდარიანს, ის ჩამოვიდა, ბაზაზეც მოვიდა და ექიმებთანაც გაიარა კონსულტაცია. სამწუხაროდ, ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, მისი თამაში გამორიცხულია", - განაცხადა ქეცბაიამ.
ეროვნული ნაკრები პირველ ვარჯიშს დღეს საღამოს 18:00 საათზე, „ბასაზე" გამართავს. მედიისთვის ვარჯიში, ტრადიციულად, პირველი 15 წუთით გაიღება.