1 სექტემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო. ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულია 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), ასევე სტუდენტები, პირველი ჯგუფის ინვალიდები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები. სადაზღვევო პოლისები დაზღვეულთა უმრავლესობას უკვე დაურიგდა. ყველა იმ ბენეფიციარს, რომელმაც სადაზღვევო ვაუჩერი სახლში ვერ მიიღო, შესაძლებლობა აქვს ის პირველადი ჯანდაცვის ობიექტში, ან „ლიბერთი ბანკის" ფილიალებში მიიღონ. სადაზღვევო პოლისით თითოეული დაზღვეული პირი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ, ყველა მომსახურებას მიიღებს. ახალი სადაზრვევო პროგრამით, საქართველოში მილიონი ადამიანი, ხოლო თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია. გიგი უგულავა დღეს თბილისის მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა. თბილისის მერი სამედიცინო ობიექტში სახელმწიფო დაზღვევის პროექტის ფარგლებში, დაზღვეულებსა და და კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს, სახელმწიფო დაზღვევის პროგამასთან დაკავშირებით გაესაუბრა. გიგი უგულავამ ექიმებისგან პირადად მოისმინა, თუ რამდენად მზად არიან ისინი თბილისელებს კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება უმოკლეს ვადაში გაუწიონ. ასევე თბილისის მერმა სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ნაოპერაციები პაციენტიც მოინახულა.