დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრი ს გამოწერის უფლებამოსილი პირის ფირნიშით („გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა - TAX FREE SHOPPING") უზრუნველყოფა 35 თეთრი ეღირება, აღნიშნულს საქართველოს მთავრობის № 351 დადგენილება ითვალისწინებს. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, TAX FREE-ში ჩართულ მაღაზიებს სპეციალური სანდარტული სტიკერებისათვის და ფირნიშებისათვის 35 თეთრის გადახდა მოუწევთ. დღემდე ასეთ ფირნიშებს მაღაზია საკუთარი სახსრებით ამზადებდა, რაც მეწარმეს ინდივიდუალური ბეჭდვის პირობებში 5-6 ლარი უჯდებოდა. როგორც შემოსავლების სამსახურის, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო გორგაძემ განაცხადა, მეწარმეებმა შემოსავლების სამსახურთან შეხვედრისას გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს, რადგანაც მათ ინდივიდუალური ბეჭვდვისას, ასეთი ფირნიშების დაზმადება გარკვეული თანხა უჯდებოდათ, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია და იმავდროულად სხვადასხვა მაღაზიებს TAX FREE-ის ნიშნულები სხვადასხვანაირად და ზოგჯერ სხვა ფერებით ქონდათ დატანილი, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია. სწორედ ერთიანი სტანდარტების გვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება და ასეთ სპეციალურ ფირნიშებსა თუ სტიკერებს თავად დაამზადებს და შემდგომ თითოეულს 35 თეთრად გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ტურისტებს TAX FREE-ის ფარგლებში ფულის დაბრუნების სანაცვლოდ 35 თეთრის გადახდა მოუწევთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ Tax Free უკვე ერთ წელზე მეტია რაც მოქმედებს და მასში უკვე რეგისტრირებულია 250-მდე მაღაზია. ერთი წლის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული სერვისით ისარგებლა 1500 უცხოელმა, დაბრუნებული თანხა კი 400 000 ლარია.
Tax Free გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.დღგ საქართველოში 18 პროცენტია. დასაბრუნებელ დღგ-ის თანხას გამოაკლდება ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიო, თანხის 3 პროცენტი.
დღგ-ის თანხის დაბრუნება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთამდე ხდება. საქონელი უნდა იყოს შეძენილი იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება. სავაჭრო ობიექტებს ქვითრის გაცემის უფლებას შემოსავლების სამსახური ანიჭებს.
უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.
უნდა აღინიშნოს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე.