,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ცესკოს მიერ ,,ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიპატიჟებას სასაცილოს უწოდებს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
,,ვფიქრობ ეს არის სასაცილო, რადგან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახლა ვერაფერ ისეთს ვერ ნახავ რამაც შეიძლება გაფიქრებინოს, რომ ვინმე არჩევნებს გაყალბებისთვის ემზადება", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან არ უსაუბრია და მიწვევის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.
მისივე განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიზირებული ორგანოა.
,,ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ნეიტრალური ორგანო და იგი პოლიტიზირებულია. Mმან თავისი პოლიტიზირებულობა მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ჩამოართვა საარჩევნო ნომერი შვიდი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და არნიშნა, რომ საარჩევნო გარემოს ცესკო ხელოვნურად აფერხებს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცესკოს შეთავაზებას არ დათანხმდება.
,,მგონია, ხარატიშვილს ძალიან ეშლება და თვითონვე უნდა იცოდეს პასუხი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასთან არ მივა", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ ბიძინა ივანიშვილს მიწვევასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა და მის ბრალდებებს უპასუხა.
კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 31 აგვისტოს ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერში გააკეთა. კერძოდ, - "...ცესკო-ს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს..."
"პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს. სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას",- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.