რუსეთის ბოლო არჩევნების დროს იქ გარკვეული დემოკრატიული პროცესები გამოჩნდა, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული" ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "the Analitic"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ქართული თარგმანი foreignpress-მა გამოაქვეყნა.
"რუსეთის ბოლო არჩევნების დროს იქ გარკვეული დემოკრატიული პროცესები გამოჩნდა. იმის მაღალი ალბათობაც არსებობს, რომ ეს პროცესები რუსეთში კიდევ უფრო გაღრმავდება, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ჩინეთში. ესაა ერთადერთი სწორი გზა. ადრე თუ გვიან ყველა მათგანი დემოკრატიული სისტემის რეალიზაციამდე მივა", - აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, თითოეულმა შეგნებულმა პოლიტიკოსმა იცის, რომ საქართველოს ბედი და მომავალი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაშია.
"ამ განცხადებით ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ. ეს მოცემულობაა, ეს საქართველოს ბედისწერაა.რაც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ჩვენს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება, განსაკუთრებით კი რუსეთთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება" შეძლებს რუსული ბაზრის გახსნას, ისევე როგორც ტერიტორიების, ოკუპირებული ტერიტორიების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] დაბრუნებას", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს იოლი პროცესი არ არის და ერთ დღეში ეს არ მოხდება.
"ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გასაღები საქართველოშია, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობაში, ნამდვილს ვგულისხმობ და არა ფასადურს, როგორსაც სააკაშვილი გვთავაზობს. თუმცა საქართველო ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარება, რათა შესაფერისი მომენტი შევარჩიოთ და კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ. იმავდროულად, რუსეთისთვისაც ეს ორი რეგიონი ზედმეტი ტვირთია. ვიმედოვნებთ, რუსეთი გააცნობიერებს, რომ თუკი მას სურს თავი დემოკრატიული მხრიდან დაგვანახოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია კარი რამ არ არის. საერთო ნიადაგის გამონახვა შესაძლებელი უნდა იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები