ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკში გურამ მისაბიშვილი იქნება, აბაშაში დავით დარსმელიძე, ხოლო თვითმმართველ ქალაქ ფოთში - თენგიზ სარიშვილი. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
აბაშის რაიონში დავით ბქრაძემ და დავით დარსმელიძემ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო „მექანიზატორი" მოინახულეს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდნენ.
სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას სენაკის კულტურის ცენტრში შეხვდა. მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ.
„სამეგრელოს და აჭარას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ასევე მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენი ამოცანაა სრულად გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი იმისთვის, რომ ამ კუთხეების, ამ რეგიონების განვითარება პირველ რიგში ემსახურებოდეს აქ მცხოვრებ ადამიანებს, ემსახურებოდეს ყველა ოჯახის კეთილდღეობას. პირველ რიგში კი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ფეხზე დაყენებას. სწორედ ეს არის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ძირითადი ამოცანა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.