რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ბანდფორმირებები საქართველოში დაღესტნიდან შევიდნენ.
"რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევები დაფიქსირებული არაა", - განუცხადა "რია ნოვოსტის" უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსის მოადგილლემ ვადიმ შიბაევმა.
მისივე თქმით, ქართული მხარის ინფორმაცია საქართველოში შეიარაღებული ბანდფორმირების დაღესტნიდან შეღწევის შესახებ არის "პროვოკაცია" და მას რეალური საფუძველი არ გააჩნია.
"სამწუხაროდ, ქართული მხარე პირველად არ აცხადებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ინცინდენტეების შესახებ, მაგრამ არც ერთხელ ამ ინფორმაციის დადასტურება არ მოხდა", - განაცხადა ვადიმ შიბაევმა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე დაღესტნის სამართალდამცავებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, ქართველი სამართალდამცავების მიერ ე.წ. ცუნტინის ბანდფორმირების გაანადგურების შესახებ.
კერძოდ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღესტნიდან საქართველოში გადმოსული ე.წ. ცუნტინის ბანდფორმირების ლიკვიდაცია მოხდა.
ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გადმოვიდა მის შემადგენლობაში 20-მდე ბოევიკი იყო.
ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტრესურსები დაღესტანის მთებში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯაანს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე წერენ.
ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ჯავშანკოლონის გადაადგილებისას სოფელ საგადასთან ხრამში ჯავშანმანქანა გადავარდა და აფეთქდა. დაიღუპნენ სამხედროები.
ადგილობრივები იტყობინებიან, რომ სამხედროები ტყის მასივების ბლოკირებას აპირებენ.
რიგი წყაროების ინფორმაციით, სამხედროების ეს კონცენტრაცია უკავშირდება ფედერალური ხელისუფლების სურვილს ზამთრამდე გაანადგურონ მოჯაჰერების ბაზები დაღესტნის ტერიტორიაზე. სხვები კი საქართველოსთან მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაზე საუბრობენ.
ძირითადი კონცენტრაცია ხორციელდება ცუნტინის რაიონში, რომელიც ყველაზე ახლო წერტილია სომხეთთან იმ შემთხვევისთვის, თუ ამ მანძილის დაძლევა საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხდება.
რამდენიმე დღის წინ დაღესტანში იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასახურის სასაზღვრო უწყების სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსი, გენერალ ლეიტენანტი, მიხაილ სტრეხა. არსებული ინფორმაციით, ის დაღესტანში პუტინის დავალებით ჩავიდა, რათა მოეხდინა ცუნტინს რაიონში კომპლექსური ბანაკის ორგანიზება.
თავისი არსით ეს არის ახალი მობილური სამხედრო ბაზა, მაგრამ რაც საინტერესოა, ბაზაზე იქნება ჰოსპიტალი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში 300 დაჭრილი მიიღოს. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიური დანადგარებით. მისი ავტომობილებიც კი კოსმოსურ კავშირის აპარატით არიან აღჭურვილნი.
ინტერნეტპორტალები წერენ, რომ 16 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში დამატებითაა შეყვანილი 300 ერთეული ბრონირებული ტექნიკა 2500 სამხედრო პირი.
მათი რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ კიდევ რამდენიმე ასეულით გაიზარდა თუმცა ინტერნეტწყაროები ზუსტ მონაცემს ვერ აქვეყნებენ.