30 აგვისტოს "ქართული ოცნება" 10-გვერდიანი ტექსტს გამოქვეყნებს და თავის პირობებს წამოაყენებს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა თერჯოლაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე შეხვედრა გაიმართება დიპლომატებთან.
კოალიციის ლიდერმა თერჯოლაში გამართული შეხვედრით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და იმერეთში ამომრჩეველთან შეხვედრები დაასრულა. ივანიშვილის განცხადებით, 2 სექტემბერს თელავში დიდი აქცია ჩატარდება.
"დარჩენილ დროში ყველგან ვაპირებთ მისვლას, სადაც არ მივსულვარ, რომ ყველას ყველაფერი ავუხსნა, რათა ხალხმა შეცდომა არ დაუშვას და როგორმე მოვიშოროთ ეს მოძალადე ხელისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 3 დღის განმავლობაში მან გამართა შეხვედრები ლენტეხში, ონში, ამბროლაურში, ტყიბულსა და თერჯოლაში. როგორც კოალიციის ლიდერი აცხადებს, საზოგადოება მომართულია და აცნობიერებს, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს დღეს.