უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტაჰერ სალემ ალ-ბაურთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის თემა ლიბიის სანაპიროსთან და ბენღაზის პორტში განვითარებული ბოლო მოვლენები იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიბიჰამ ლიბიელ კოლეგას განუმარტა, რომ უკრაინის არცერთი მოქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ და რომ უკრაინის სამიზნე მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტები იყო, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალოდ იყენებს.
სიბიგამ ასევე გამოთქვა მწუხარება გაუთვალისწინებელი შედეგების გამო და ლიბიელ ხალხს გულწრფელი სამძიმარი გადასცა.
„ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ლიბიაზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე გავრცელებას. ვაფასებ პირდაპირი დიალოგისა და მოსაზრებების ღიად გაცვლის შესაძლებლობას. მადლობას ვუხდი ლიბიელ კოლეგას შინაარსიანი საუბრისთვის. მზად ვართ, კავშირი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გარდა ამისა, სიბიჰამ დაადასტურა, რომ უკრაინა სრულად უჭერს მხარს ლიბიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
„უკრაინასა და ლიბიას მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ პატივს ვცემთ ლიბიელ ხალხს და მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. დღეს უკრაინა კვლავ საიმედო პარტნიორია და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ლიბიის სასურსათო უსაფრთხოებაში, რადგან ქვეყანას მარცვლეულითა და სხვა საკვები პროდუქტებით ამარაგებს.
ჩვენ ვცდილობთ, მომავალშიც გავაძლიეროთ პარტნიორობა და გავაფართოოთ თანამშრომლობა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების სფეროებში, არამედ ეკონომიკაში, ვაჭრობასა და პოლიტიკაშიც“, - აღნიშნა სიბიჰამ.