სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის"-ის საშუალებით ნიკო ნიკოლაძის კოშკის ნაწილის შესაძლო დემონტაჟს ეხმიანება.
"ტაძრის და ქალაქის აღსადგენად ნიკოლაძის კოშკი უნდა დაანგრიონ... ამისთვის მოუგონეს "საბჭოთა მინაშენის" სტატუსი! სინამდვილეში ნიკოლაძეს სახელი უნდა გააქრონ... ვშიშობ, ამ გაქრობაში ჩემი ფაქტორიც ფიგურირებს! აქ მიშა ვერ იტყვის, ჩემი წინაპრებიო... ამითი უნდათ, გააქრონ თავისუფალი, ევროპელი, ნამდვილი "მშენებელი" ქართველი მოღვაწის განუმეორებელი პიროვნებაც! მგონი, ამ თავიანთი უვარგისი ოცნების შესრულება გაუჭირდებათ, რაც არ უნდა "აჩქარებულ ტემპებში" იმუშავონ! თქვენი დრო იწურება და ამაზედაც პასუხი მოგეთხოვებათ!", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ფოთში მდებარე ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შეიძლება, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს. ისტორიული ძეგლის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟი, ფოთის მთავარი არქიტექტორის, ნუკრი ტუღუშის განმარტებით, იმაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა საკმარისი სივრცე მიმდებარე ტერიტორიიის კეთილმოსაწყობად.
"ეს არის მინაშენი კომუნისტების პერიოდში, 70-იან წლებში. ამიტომ ვიფიქრეთ, ხომ არ იქნება უმჯობესი მისი მოხსნა, რომ უფრო დიდი ტერიტორიაც გამოჩნდეს და კეთილმოსაწყობადაც უფრო კარგი იყოს. ძეგლის სტატუსი აქვს ამ მინაშენს, როგორც მთლიანად ამ ნაგებობას",-აცხადებს ფოთის მთავარი არქიტექტორი ნუკრი ტუღუში. კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის ინფორმაციით, კოშკი გასული საუკუნის 70-იან წლებში კი არ აშენდა, არამედ ამ პერიოდში კიდევ ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა.
ამასთან, ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის პერიოდში (1894-1912წლებში), კოშკის სახე მიიღო, XVI ს-ის 70-იან წლებში თურქებს ციხის სახით აუშენებიათ. ამის შესახებ 1654 წელს გამოცემულ წიგნში - "სამეგრელოს აღწერა" იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერს, მისგან განსხვავებით, ფრანგი მოგზაური შარდენი კი უფრო ადრე პერიოდს - 1578 წელს ასახელებს.