"სად ცხოვრობ შენ" ახალი კამპანიაა, რომელიც "ამომრჩეველთა ლიგამ" საარჩევნო სიაში დაუდგენელი მისამართის მქონე პირებთან დაკავშირებით დაიწყო. ამის შესახებ "ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა.
გუნცაძის თქმით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ამორჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გამოქვეყნებული სია 2004 წელთან შედარებით, 1 200 000 ამომრჩეველით არის გაზრდილი.
"შეშფოთებას იწვევს უცხოეთში მყოფთა დაბალი მაჩვენებელი -300 000, რაც თითქმის ოთხჯერ ნაკლებია რეალურ მონაცემებზე. ასევე, დაუდგენელი პირები გაბნეულები არიან სხვადასხვა კატეგორიებში, მათი შემოწმების დეზორიენტაციის მიზნით", - განაცხადა "ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელმა.
გუნცაძემ აღნიშნა, რომ უცხოეთში წასულების და დაუდგენლების ანალიზი ცხადყოფს, რომ რომ ხელისუფლება საზღვარგარეთ წასულების ნაცვლად, აპირებს აქ მისცეს ხმა თავისი ზონდერ ჯგუფების საშუალებით და "გააგრძელოს მიწერილი ამომრჩევლების გამოყენების 2008 წელს დაწყებული ბინძური პრაქტიკა".
მისივე თქმით, "ამომრჩეველთა ლიგამ" შეადარა მათ მიერ ჩატარებული კარდაკარის მონაცემები სიების დაზუსტების კომისიის მონაცემებს ზუგდიდსა და თბილისში და 107 498-ზე მეტი უზუსტობა აღმოაჩინა.
ხვალიდან "ამომრჩეველთა ლიგა" ჩატარებული კარდაკარის შედეგებს საჯაროს გახდის და საკუთარ ვებგვერდზე განათავსებს.
ლიგის ვებგვერდზე ამამორჩეველს კამპანიის - "სად ცხოვრობ შენ" ფარგლებში სიაში საკუთარი თავის გადამოწმება და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ლიგისთვის მიმართვა შეეძლება.