„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიაზ ზოსიძე ბათუმის საკრებულოს წევრ ნაზი ქობულაძესთან ერთად ურეხის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს დაწვრილებით გაეცნო.
როგორც ნიაზ ზოსიძემ აღნიშნა, მოსახლეობას გზის მოუწესრიგებლობასთან და გაზიფიცირების პრობლემასთან ერთად, იქვე მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამომავალი ღია საკანალიზაციო სისტემაც აწუხებს, საიდანაც ფელკალური მასა პირდაპირ სოფელში მოედინება და მოსახლეობას ეზოებში ჩასდის.
ნიაზ ზოსიძის ინფორმაციით, ურეხელები დასახლებული ტერიტორიის შუაგულში განლაგებული სამხედრო პოლიგონის არსებობასაც აპროტესტებენ. მისი თქმით პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებმა გასულ წელს ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ჩვენს მოსახლეობას არ აკლია პური და სანახაობა, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა არის სხვა. მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ცხოვრობს შეჭირვებულ მდგომარეობაში და სასწრაფოდ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. მივმართავ ხელისუფლებას 4 წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს მაინც დაინტერესდეს საკუთარი მოსახლეობის ბედით და იზრუნოს მათი პრობლემების მოგვარებაზე. დროა ხელისუფლებამ თავი დაანებოს ვირტუალურ დაპირებებზე საუბარს და კონკრეტული საქმის კეთება დაიწყოს." - განაცხადა ნიაზ ზოსიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.