ოფიციალური თბილისი რუსეთსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას "ცინიკურად" აფასებს.
"ეს ცინიკური ნაბიჯი იქნება იმ ფონზე, როცა ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი პასპორტიზაცია მიმდინარეობს. რუსეთსა და ცხინვალს შორის უვიზო რეჟიმის ოფიციალურად დამყარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მას კანონიერად არავინ ცნობს", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯით მოსკოვი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთი აპირებს ცხინვალის რეგიონთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად დააკანონოს.