სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს 9 წელი ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციაში იყო, თითქოს, მათ ხელში არ იყო ამდენ ხანს ყველაფერი, - - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსთავში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ახლა გაახსენდათ ადამიანი, ახლა გაახსენდათ სოფელი და დასაქმება, თითქოს იმაზე ფიქრით ათენებენ და აღამებენ, როგორ მოუტანონ მეტი სარგებელი ხალხს.
"ჩვენი პროგრამა რომ მიითვისეს, ჩვენი ციფრები რომ აიღეს და ოთხზე გაამრავლეს და 4 წელიწადში 40-მილიარდიან ბიუჯეტს რომ დაჰპირდნენ ხალხს, საიდან მოიტანენ ამ თანხებს, გვითხრან! რის ხარჯზე ფიქრობენ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, საიდან მოაქვთ ეს ფული?! კეთილი ინებონ და გვაჩვენონ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც უკვე გაწერილი უნდა ჰქონდეთ ყველაფერი!", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ციფრები მხოლოდ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად არის ნათქვამი.